წინანდლის სასახლემ სახეცვლილება მრავალჯერ განიცადა. ის სხვადასხვა დროს ჭავჭავაძეების გარდა რომანოვებისა და საბჭოთა მუშების მფლობელობაშიც იმყოფებოდა და ბოლოს ქართველი ხალხის საკუთრება გახდა. თუმცა ყოველთვის ინარჩუნებდა პირველი მფლობელების ჭავჭავაძეების სახელს.
ჭავჭავაძეები წინანდალში:
წინანდლის მამული ჭავჭავაძეების გვარის საკუთრებაა 1680 წლიდან, როცა ერეკლე პირველმა (1675-1709) ჭავჭავაძეების გვარს სამეფო სამსახურის სანაცვლოდ წინანდალი და მისი მიმდებარე სოფლები უბოძა. ამ ადგილმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მე-19 საუკუნეში, ალექსანდრე ჭავჭავაძის (1786-1846) სიცოცხლეში.
თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო: რუსეთის საიმპერატორო არმიის გენრალ-ლეიტენანტი, პოეტი, მთარგმნელი, მეღვინე და საზოგადო მოღვაწე. იგი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. ცხოვრებაში უამრავი ჯილდო ჰქონდა მიღებული. ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო ფრანგული საპატიო ლეგიონის კავალერი და წმ. ანას ორდენის მფლობელი.
პირველი როიალი, ბილიარდი, ეტლი, ევროპული კლასიკური მუსიკა, ბოთლში ჩამოსხმული ქართული ღვინო... ჭავჭავაძეების ოჯახმა საქრთველოში ევროპული კულტურის დანერგვასა და პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. ალექსანდრეს ბოთლში ჩამოსხმულ ქართულ ღვინოს ევროპელი სტუმრები აღფრთოვანებაში მოჰყავდა.
თავად ალექსანდრე ჭავჭავაძეს და მის ოჯახს იმ დროს საქართველოში ჩამოსული ყველა გამოჩენილი პირი სტუმრობდა. მათ შორის იყვნენ: ალექსანდრე დიუმა უფროსი, ალექსანდრე პუშკინი, ალექსანდრე გრიბოედოვი და იმ ეპოქის გამოჩენილი ქართველი პოეტები.
თავად ალექსანდრე ჭავჭავაძეს სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა. ქალიშვილების, წინანდლის სამი მომხიბვლელი ქალბატონის ბედიც მჭიდროდ დაუკავშირდა მე-19 საუკუნის საქართველოსა და ევროპის ისტორიას: ნინოს სილამაზე და ალექსანდრე გრიბოედოვისადმი უსაზღვრო სიყვარული არაერთი პოეტის მუზა გამხდარა; ეკატერინე სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი გახლდათ, ხოლო სოფიო - ბარონესა ნიკოლაი. ალ. ჭავჭავაძის ვაჟი დავითი კი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მეთორმეტის შვილიშვილზე, ანა ბაგრატიონზე იყო დაქორწინებული.
ჭავჭავაძეების გვარის აღმასვლა დასრულდა 1854 წლის 4 ივლისს, როცა წინანდალს შამილის მთიელთა რაზმები შეესია და წინანდლის სასახლე და მის გარშემო გაშენებული უნიკალური ბაღი გადაწვა. ალექსანდრეს შვილიშვილები და ნათესაობა კი ტყვედ წაიყვანეს დაღესტანში.
რომანოვები წინანდალში:
1886 წელს წინანდლის მამულის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. წინანდალი რომანოვების საუფლისწულო მიწების სიაში გადავიდა. სასახლემ ძირეული ცვლილებები განიცადა. შენობის გადაკეთებას არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი ხელმძღვანელობდა. დღეს წარმოდგენილი სასახლე სწორედ ოზეროვისეულია. ეს ცვლილებები დღეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო დარბაზში. გადაკეთება განიცადა ისტორიულმა ღვინის მარანმაც. რესტავრაციის შემდეგ წინანდალს იმპერატორი ალექსანდრე III რომანოვი სტუმრობდა.
საბჭოთა ეპოქა:
გასაბჭოების შემდეგ წინანდალი, ისევე როგორც ყველაფერი სხვა, მშრომელი საბჭოთა მუშების საკუთრებად გამოცხადდა. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში აქ საბჭოთა ღვინის მეურნეობის პირადი სასტუმრო იყო განთავსებული. წინანდალი მაშინაც იზიდავდა საზოგადო მოღვაწეებსა თუ პოეტებს. წინანდლის შთაბეჭდილებების წიგნში დღემდეა შემონახული გალაკტიონ ტაბიძის, კათალიკოს-პატრიარქის კირიონისა თუ გიორგი ლეონიძის ჩანაწერები. ამ უკანასკნელის სახელთანაა დაკავშრებული 1946 წელს წინანდალში ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნა. საბჭოთა ეპოქაში შენობამ რამოდენიმეჯერ განიცადა ცვლილება, რაც სასახლის ავთენტურ სახეზე უარყოფითად აისახა.
წინანდალი დღეს:
2007 წელს წინანდლის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშალა. სილკ როუდ გრუპმა მამულები მართვის უფლებით გადაიბარა. 2008 წლის ნოემბერში, თითქმის ერთწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, წინანდალი დამთვალიერებლისათვის ისევ გაიხსნა. განახლებულ მუზეუმში ისევ შეძლებთ იხილოთ პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის პირადი კაბინეტი, გრიბოედოვის ნაჩუქარი პიანინო და მრავალი სხვა რამ. აქვე თქვენ მოისმენთ რა ბედი ეწია შამილის ტყვე ქალებს, როგორ დაკარგეს ჭავჭავაძეებმა წინანდალი და როდის დაარსდა მუზეუმი.
დღეს სახლ-მუზეუმს უძღვება ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი მაია კოკოჩაშვილი და მასთან ერთად თანამშრომლების მთელი გუნდი ძალ-ღონეს არ იშურებს დამთვალიერებლისათვის საინტერესო და კულტურულად დატვირთული გარემოს შესაქმნელად.
წინანდალი დღეს ისევ კულტურული ცენტრის სტატუსს ატარებს და ელის ახალ დამთავალიერებლებს კვირაში 7 დღე.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წინანდალში!