სამუშაო საათები 10:00-18:00

მუზეუმი

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჭავჭავაძეების მამულში!


წინანდლის სამუზეუმო კომპლექსში შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოჯახის ჭავჭავაძეების ისტორიას, დატკბეთ დეკორატიული ბაღის სილამაზით, დაათვალიეროთ მე-19 საუკუნის ღვინის მარანი, დააგემოვნოთ ჭავჭავაძისეული წინანდალი და სხვა ქართული ღვინოები. სასიამოვნოდ დატვირთული დღის დასასრულს კი დაისვენოთ ისტორიულ სასტუმროში.

წინანდალი XIX საუკუნეში კულტურულ-ინტელექტუალური ცენტრი იყო საქართველოში. ეს სტატუსი ქართული რომანტიზმის ფუძემდებელთან, ალექსანდრე ჭავჭავაძესთანაა დაკავშირებული. წინანდალს დღესაც უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ეს ადგილი მრავალი გამოფენის, კონცერტის, ლიტერატურული ღონისძიებისა თუ მასტერკლასის მასპინძელია.

წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. ეგზოტიკური ჯიშებისა და დაგეგმარების მხრივ ის უნიკალურია. წინანდლის ბაღში ნახავთ სიყვარულის ხეივანს. ლეგენდის თანახმად, თუკი წყვილი ამ ხეივანში თვალდახუჭული შეძლებს გავლას, მათი სიყვარული ბედნიერი იქნება.  

წინანდლის ისტორიულ მარანში ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო. ამჟამად ენოთეკაში დაცულია 16 000 ზე მეტი ბოთლი, რომელთაგან უძველესი 1814 წლითაა დათარიღებული. ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, 2014 წელს წინანდლის ღვინის კოლექციის გამდიდრება განახლდა.

2007 წლიდან წინანდლის კომპლექსის მართვის უფლება სილკ როუდ  ჯგუფმა აიღო. კომპანიამ ამ დრომდე 12 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სილკ როუდ ჯგუფის ძალისხმევით მუზეუმში დაცულ 100-ზე მეტ ექსპონატს რესტავრაცია ჩაუტარდა. სამუზეუმო ფონდი კი 500-ზე მეტი ექსპონატით გამდიდრდა.

 

ჭავჭავაძეების ადგილ-მამულზე კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ჯობს თავად ნახოთ.

 

წინანდალი გელით!