სამუშაო საათები 10:00-18:00

მუზეუმი

დღეს წინანდლის პარკში 1500-ზე მეტი ხე-მცენარეა, რომელთაგან ბევრი უნიკალურია. აქ თქვენ შეხვდებით უთხოვარს (Taxus Baccata), ჩრდილო-ამერიკულ მეტასექვოიას (Metasequoia), ჩინურ გინგკოსა (Gingko biloba) და სხვა. 40 სახეობის ხესა და ბუჩქთან სპეციალური საინფორმაციო დაფაა განთავსებული. აქ მცენარის წარმოშობისა და გავრცელების არეალის შესახებ არსებულ ინფორმაციას  შეგიძლიათ გაეცნოთ.

უნიკალური ჯიშები წინანდალში პირველად ალესანდრე ჭავჭავაძის დროს შემოვიდა. თავდაპირველად აქ ხეხილის ბაღები, სასეირნო ბილიკები, ხეივნები და ვენახები იყო. ალექსანდრემ ბაღში მიწისქვეშა საირიგაციო სისტემა მოაწყო და პარკის დასაგეგმარებლად ევროპელი დეკორატორები მოიწვია. წინანდლის ბაღი კი სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოტანილი მცენარეულობით გაამდიდრა. ალექსანდრეს თანამედროვენი წინანდლის პარკს ისეთ ინგლისურ ბაღებს ადარებდნენ, როგორებიცაა რიჩმონდი, კიუ და სხვა.

წინანდლის პარკმა ალექსანდრე ჭავჭავაძის შემდეგ სამჯერ იცვალა სახე:

პირველად 1854 წელს შამილის მეომრების თავდასხმის შემდეგ. ჭავჭავაძეების ბაღი სასახლესთან ერთად გადაიწვა. პარკი ისე  დაზიანდა, რომ  მისი პირვანდელი სახის აღდგენა შეუძლებელი გახდა.

მეორედ 1886 წელს, როცა წინანდალი რომანოვების საკუთრება გახდა. ამ დროს ჭავჭავაძეების საგვარეულო  ბაღის აღდგენა პეტერბურგელ ლანდშაფტის არქიტექტორს, არნოლდ რეგელს დაევალა. მის სახელს  ცნობილი ევროპული  პარკების გაშენება უკავშირდება. 

მესამედ წინანდლის ბაღი საბჭოთა კავშირის დროს შეიცვალა.  აქ მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი თარგების მიზანმიმართული გაქრობა მოხდა და მის ნაცვლად საბჭოთა მონუმენტური სტილი დამკვიდრდა. შედეგად ხედები უფრო დახურული და ერთფეროვანი გახდა.

2008 წლიდან წინანდლის პარკში ახალი ეტაპი დაიწყო. გაიწმინდა ბილიკები, გაიხსნა ხედები და სივრცეები, აღდგა და მოწესრიგდა მე-19 საუკუნის თარგები, რაც ბაღში რეგელის კონცეფციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ამ მიზნით, პროცესში ჩაერთო ცნობილი გერმანელი ლანდშაფტ-დიზაინერი, პროფესორი ლუდვიგ ტროიცეტელი. პარკში განხორციელებული აღდგენითი სამუშაოები სწორედ მის რეკომენდაციებს ეფუძნება. ასევე ტარდება ფიტო-სანიტარული კვლევა, რაც  მცენარეების დიაგნოსტიკას და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას გულისხმობს.

ალექსანდრე ჭავჭავაძის საგვარეულო მამულის ბაღის პირვანდელი იერსახის დაბრუნებისათვის აღდგენითი სამუშაოები დღესაც გრძელდება. ბაღის რეაბილიტაციას სილკ როუდ ჯგუფი აფინანსებს.