20 სექტემბერს, 15:00 საათზე, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი წარმოგიდგენთ გამოფენას „გაცოცხლებული დრო“.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჭავჭავაძეების საგვარეულო საათი ხელახლა დაიწყებს დროის ათვლას. დამთვალიერებლის წინაშე გამოფენილი იქნება ოქროს ჯიბის საათი, რომელმაც უკვე მესამე საუკუნეში შეაბიჯა და მასაც, ისევე როგორც მის მფლობელებს, უამრავი რამ გადახდა თავს.
გამოფენა ეძღვნება ჭავჭავაძეების გვარის შთამომავალთა ისტორიას საბჭოთა ტერორის წლებში. გარდა დიდი ალექსანდრეს შვილთაშვილის, ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძის (1870-1930), კუთვნილი ჯიბის საათისა, ექსპოზიცია წარმოადენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში შემონახულ მასალებს, რომელიც გასაბჭოებულ საქართველოში ალექსანდრე ჭავჭავაძის, მისი ოჯახის და თანამოაზრეების ტრაგიკულ ბედს ასახავს. ალექსანდრე 1930 წლის სექტემბერში საბჭოთა „ტროიკამ“ დახვრიტა საქართველოში საბჭოთა კავშირის გადატრიალებისა და ქვეყანაში მონარქიის აღდგენის მცდელობისათვის.
ალექსანდრემ ჯიბის საათი სავარაუდოდ პეტერბურგში, საიმპერატორო მესაათისგან, პაველ ბურესგან, 1893 წელს შეიძინა. ნივთი სახელობითია და მის სარქველზე ქართული მონოგრამა „ა ჭ“ და ჭავჭავაძეების საგვარეულო გვირგვინია დატანილი. პაველ ბურეს საათები დღეს მსოფლიოს წამყვან მუზეუმებშია გამოფენილი. მათ რიცხვს უკვე წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიც შეუერთდება.
აღნიშნული ჯიბის საათი აუქციონის წესით აშშ-ში, 2018 წლის იანვარში გამოიფინა. წინანდლის მუზეუმმა, „სილქ როუდ ჯგუფის“ დახმარებით, მოახერხა მისი შეძენა. საათის ყოფილი მფლობელი ჭავჭაძეების გვარის შთამომავალი, ამერიკის მოქალაქე, დავით ჭავჭავაძე იყო. საათი მამამ, ალექსანდრე უმცროსმა, თავის შვილს, პავლეს, 1918 წელს ემიგრაციაში წასვლისას გადასცა და მას შემდეგ ის ჯერ პავლესთან და შედეგ უკვე მის ვაჟთან, დავითთან, ითვლიდა ემიგრაციის წუთებს. საქართველოსთან 100 წლიანი განშორების შემდეგ საათი 2018 წელს ისევ საქართველოში დაბრუნდა, რათა დამთვალიერებლიათვის ალექსანდრე უმცროსის საინტერესო ცხოვრების შესახებ მოეთხრო.
ბიოგრაფია
ალექსანდრე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, რუსეთის არმიის კაპიტანი, ე.წ. „ველური დივიზიის“ თვალსაჩინო წარმომადგენელი, დიდი ალექსანდრეს (1786-1846) შვილთაშვილი იყო. დედამისი, მარიამ ჭავჭავაძე (1849-1921), ცოლად შერთეს ჭავჭავაძეების გვარის წარმომადგენელს, ცნობილ გენერალს, ზაქარია ჭავჭავაძეს. მარიამ და ზაქარია ჭავჭავაძეებს ექვსი შვილი შეეძინათ, რომელთაან ალექსანდრე უფროსი იყო.
ალექსანდრეს ცხოვრება მეტად საინტერესოდ წარიმართა. როგორც ყველა იმ ეპოქის თავადიშვილი, ისიც სამხედრო სასწავლებელში მიაბარეს და მეფის რუსეთის არმიის უფროსი პოლკოვნიკი გახდა. სწორედ ამ ჩინით იბრძოდა იგი პირველი მსოფლიო ომის დროს ჩრდილო აღმოსავლეთის ფრონტზე.
ალექსანდრეს ორი მეულღლე ჰყავდა: პირველი მარი როდიანკო, რუსეთის იმპერიის მეტად ცნობილი თავადური გვარების, როდიანკოსი და გოლიცინების გვარის შთამომავალი. მასთან სამი შვილი შეეძინა: პავლე, გიორგი და მარინა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იჯახი დაშორდა და მამასთან უფროსი ვაჟი, პავლე ჭავჭავაძე დარჩა, გიორგი და მარინა კი დედასთან ერთად რუმინეთში გადავიდა საცხოვრებლად. ალექსანდრე უმცროსის მეორე მეუღლე ოლღა სააკოვა, წარჩინებული თბილისური სომხური ოჯახიდან. ეს უკანასკნელი ალექსანდრემ გასაბჭოების შემდეგ შეირთო ცოლად. ოლღას ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის წლებში იცნობდა. მეორე მეუღლე ყოფილ თავადს ყველაფერში გვერდში ედგა და მისი საქმიანობის თანამოაზრე იყო.
გასაბჭოების შემდეგ „თეთრი გიორგის“ დაჯგუფების წევრი და საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამხობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე - და მისი ოჯახის წევრები - საბჭოთა რეჟიმმა დიდი წნეხის ქვეშ მოაქცია. ალექსანდრე სამჯერ დააპატიმრეს. ბოლო დაპატიმრება 1930 წელს დახვრეტით დასრულდა. საბჭოთა რეჟიმი ალექსანდრეს გადატრიალების მცდელობაში და ფაშისტური ორგანიზაციების წევრობაში ადანაშაულებდა. მასთან ერთად ორგანიზაციის კიდევ 35 წევრი დააკავეს.
შსს საარქივო მასალები:
შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება საქმე #3001, იგი 11 ტომსა და 3129 გვერდს მოიცავს. მათში მოთხრობილი ამბავი 1930 წელს ვითარდება. მკითხველს შეუძლია თვალი გაადევნოს პატიმრების ცხოვრებას საბჭოთა ციხეში. დღეს ალექსანდრე უმცროსისა და მისი გუნდის წევრების წამების შესახებ დოკუმენტები დუმან, თუმცა ადვილი წარმოსადგენია, თუ რასთან ჰქონდათ საქმე დაკავებულებს. საბუთების თანახმად ალექსანდრე 1930 წლის 11 თებერვალს აიყვანეს და 23 სექტემბერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. საქმეს ცნობილი გამომძიებელი კაულინი ხელმძღვანელობდა. ალექსანდრეს საქმეში 35 კაცი მონაწილეობდა. ამ საქმეების გადახედვიდან ცხადი ხდება, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველო ეთნიკურად ჭრელი სახელმწიფო იყო, თუმცა მიზანი ყველას ერთი ჰქონდა: საქართველოს გათავისუფლება.