2017-ში 10 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც სილქ როუდ ჯგუფმა წინანდლის სამუზეუმო კომპლექსის მართვა საკუთარ თავზე გადაიბარა. დღეს მუზეუმი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს: საგაზაფხულო და საშემოდგომო საგამოფენო სეზონებით, კლასიკური მუსიკისა თუ პოეზიის საღამოებით, მრავალფეროვანი ფესტივალებითა და სხვ. წინანდალი დღეს ქვეყნის ერთ-ერთი კულტურული კერაა. თუმცა აქამდე მოსასვლელად დიდი გზის გამოვლა დაგვჭირდა.
2007 წელს წინანდლის სასახლე სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. შენობაში ჩამოდიოდა წვიმის წყალი, ექსპონატები სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებდნენ, აუცილებელი იყო შენობის გაწმენდა გვიანდელი ჩანართებისაგან. შენობა გათავისუფლდა საბჭოთა პერიოდის ნალესობებისაგან. მოიხსნა საბჭოთა პარკეტი და გამოჩნდა აუთენტური ფიცრული იატაკი. საბედნიეროდ შესაძლებელი გახდა მისი პირვანდელი ფერის აღდგენაც.
რესტავრაცია შეეხო მუზეუმში დაცულ ექსპონატებსაც: ავეჯის, ჭურჭლის, წიგნებისა და ხელნაწერების ფონდებს. მაგალითად ავეჯის რესტავრირებისათვის სპეციალურად ბრიტანეთში ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში მე-19 საუკუნის კატალოგების მოვიძიეთ, რათა ავეჯისა და ფარდების რესტავრირებისათვის სპეციალურად შეგვეკვეთა ბრიტანული ნაჭრები. მუზეუმის დირექცია დღესაც გამუდმებით ცდილობს შეიძინოს მოსახლეობაში გაფანტული ალექსანდრესეული ნივთები. ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები გიჩვენებთ 10 წლიან განსხვავებას . ჩვენ შევეცადეთ იმავე რაკურსით გადაგვეღო ფოტოები თოთიოეული ოთახისათვის და გვეჩვენებინა თუ რა ღონისძიებები ჩატარდა წინანდლის აღსადგენად.
თუმცა ფოტოზე ნანახს სჯობს თავად იხილოთ...
გვეწვიეთ წინანდალში!